ანტიკრიზისული პლატფორმის მანიფესტი

საქართველოს დემოკრატია და თავისუფალი მომავალი კრიტიკული საფრთხის წინაშეა.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა სისტემურმა პრობლემებმა, არაკომპეტენტურმა მმართველობამ და ფასადურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩიხში მოაქცია. ბოლო პერიოდის მოვლენებმა ცხადყო, რომ ზედაპირული პოლიტიკური ცვლილებების ხანა დასრულდა და გარდაუვალია სრული, ეროვნული კონსენსუსით გამყარებული სისტემური გარდაქმნა.

ამიტომაც ჩვენ ვქმნით ეროვნულ, ანტიკრიზისულ პლატფორმას - საზოგადოებრივ, პროფესიულ და ანალიტიკურ ძალთა გაერთიანებას, რომლის მიზანია პოლიტიკური გარემოს ფუნდამენტურად შეცვლა, სადაც მოქალაქე იქნება გადაწყვეტილების მიმღები და არა დამკვირვებელი.

ამოცანები

ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია:
1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაჯანსაღება და გაძლიერება
2. სამართლის უზენაესობის აღდგენა
3. საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება
4. ანტიკრიზისული გეგმის გარშემო ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება
5. მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ანტიკრიზისული გეგმის სწრაფი და ეფექტური განხორციელება

ჩვენი პრინციპები

პლატფორმის ყველა წევრი და ხელმომწერი აღიარებს ამ ურყევ პრინციპებს:

1. მხოლოდ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესი - პლატფორმა გამორიცხავს ყოველგვარ პარტიულ, კომერციულ ან პირად ინტერესს. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

2. სისტემური და ანალიტიკური ხედვა - ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ღრმა, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის საფუძველზე, რათა პრობლემები ძირეულად მოგვარდეს და აღარ განმეორდეს.

3. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა - გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ენიჭება კომპეტენციასა და გამოცდილებას.

4. ინკლუზია და კონსენსუსი - ჩვენ ვქმნით ეროვნული თანხმობის სივრცეს. ყველა მოქალაქეს აქვს ჩართულობისა და საკუთარი წვლილის შეტანის უფლება.

5. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – საზოგადოებასთან მუდმივი ღია კომუნიკაცია და ჩვენი ნაბიჯების გასაჯაროება.

6. ევროპული ორიენტაცია - ჩვენი პოლიტიკის და რეფორმების ერთადერთი საზომი არის ევროკავშირის სტანდარტები და მისი 9 პრიორიტეტული ნაბიჯის შესრულება.

მოწოდება

ეს ქვეყანა ჩვენია! მისი მომავალი ჩვენს ხელშია. თუ იზიარებთ ამ ურყევ პრინციპებს და გწამთ, რომ პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და ერთიანობით შეგვიძლია კრიზისიდან გამოსვლა - შემოგვიერთდით ახლა!

ნუ დაელოდებით ცვლილებას,

გახდით მონაწილე და

შეცვალეთ თავად!